Aqua

2016-06-16 22.42.12

Kissing Aqua

Aqua was like a night sea, stormy and smooth as a dark blue silk,

She made you want to feel her waves  anytime you saw her every night,

And because she was so queenly beautiful,

You excelled to stay on the shore and watch her dance with the Moon.

 

The tranquil breeze blowing from her ,

Calmed my heart and soothed my soul,

Relieved me from the impure thoughts,

And blew away my waterspouts.

 

And suddenly I felt calm and free.

As a creature, as an earthling,

I still felt my baseness,

But I knew, that someday I will be like Aqua too.

 

Soon after the orange moon had risen on the sky,

And illumined her with golden glow,

Aqua looked at him with her deep blue loving eyes,

And became even more sublime and calm.

 

Then I closed my eyes and dressed only in a moonshine,

Dived into Aqua’s soul,

Sensed the Orange Moon,

And hugged Aqua as much as I could.

 

I breathed with Aqua all night long,

Until the Sun rose and took away her tablecloth,

Because now it was his time to reign

over the sandy shore.

 

So I smiled at him,

As I loved him too,

But I lusted Aqua so much,

I couldn’t play with his rays anymore.

 

By the nightfall,

I met Aqua once more,

Aqua unveiled to me her secret,

And I became Aqua too.

 

Advertisements

Mirroring

eyes

მაშინ ვინ ვარ მე? – ჯერ მიპასუხე და თუ მომეწონება იმ ადამიანად ყოფნა, მაშინ ვიქნები თუ არადა დავრჩები იქ სადაც ვარ და მოვიცდი იქამდე სანამ სხვა არ გამოჩნდება. შევთანხმდით?- სარკიდან შემეკითხა ჩემი გამოსახულება.

მე ჯერ თვალი გავუსწორე და მერე ისე მივუახლოვდი, რომ ცხვირი თითქმის სარკეს მივაბჯინე და დავინახე რომ სარკიდან კიდევ ერთი ვიღაც მიყურებდა- ისევ ჩემი გამოსახულება, ოღონდ ამჯერად ჩემივე თვალებიდან არეკლილი. ჩემი თვალებიდან ისევ ჩემი თავი მიყურებდა! “ნეტა ეგ რომელი განზომილებაა? თუ სარკე მეოთხეა, ესეიგი ეგ მეხუთეა“- დავასკვენი მე. ახლა შევეცადე კიდევ უფრო კარგად დავკირვებოდი  თვალების რელიეფს და აღმოვაჩინე რომ ძალიან გავდა ვულკანს ზედხედით, რომლის თავი ჩემს მოძრაობასთან ერთად ხან დიდდებოდა და ხანაც პატარავდებოდა და სადაცაა იფეთქებდა. და ზუსტად ამ ვულკანის თავიდან მიყურებდა მეხუთე განზომილებიდან ჩემი მეორე გამოსახულება, ოღონდ ვერ ვარჩევდი ჩემით კმაყოფილი იყო თუ უკმაყოფილო. უბრალოდ ვხედავდი რომ მომშტერებოდა და რაღაცეების გარკვევას ცდილობდა.   -სულ ფეხებზე მკიდია შენ რის გარკვევას ცდილობ! შენ მანდ მიხედე შენს საქმეს, დანარჩენი მე ვიცი. გინდ ერთი იყო, ორი, სამი თუ ოთხი აზრი არ აქვს, რადგანაც ჩემთვის ისედაც რთულია ერთი რიგიანი და პატივსაცემი ადამიანი ვიყო! შენ კიდევ სულ და ისეთ აზრებს მიგზავნი რომლებიც ერთი წამითაც არ მჭირდება და მეტიც სრულიად მიბნევს თავგზას, რომელიც ისედაც არ მაქვს.

სარკეს მოვშორდი. საშინლად მომბეზრდა ჩემი თავის ყურება და გამაღიზიანა თაფლისფერი ვულკანიდან მომზერალმა არსებამაც, რომელიც გამუდმებით მაკვირდება როდესაც ვუახლოვდები.

ნუთუ გავგიჟდი? – არა! სულაც არ ვარ იმ განწყობაზე თავი გიჟად წარმოვიდგინო. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე შევხედავთ ყველა ჩვენთაგანი გიჟია. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ვართ ვიღაც ან რაღაც, კანის დიდი გროვის ქვეშ. ამას ვგრძნობთ და ამ გრძნობას „არსებობა“ ან „ყოფნა“ ქვია. ეს ხომ ყველას გვაქვს! გუშინდელი ამბავი უკვე სასაცილოდ მეჩვენება. აი ეს მაშინ დავწერე, როცა მერაბ მამარდაშვილის გავლენის ქვეშ მყოფმა გადავწყვიტე ფილოსოფიურად მეაზროვნა და მისი “მექანიზმის” თეორიაც მოვიშველიე : „ …ეს შეგრძნება ისეთი რამეა, რომელიც შეიძლება ძალიან მოულოდნელ მომენტებში გაგიჩნდეს. ალბათ მაშინ როდესაც შენში მიმდინარე რაღაც მოვლენას ვერ ამჩნევ, მაგრამ ის ნამდვილად არის და ასე რომ ვთქვათ, სიგნალს გიგზავნის რომ დაფიქრდე, გამოიღვიძო. ეს ძალიან უცნაური შეგრძნება ზოგჯერ ძალიან მიუღებელიცაა. თითქოს არ გინდა რომ ყური დაუგდო და გაყვე, იმიტომ რომ ძალიან ღრმაა და გეშინია არ დაიკარგო. იმდენად დიდია, რომ ისევე თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე მასში, როგორც მაგალითად რაიმე დიდ მანქანაში. რას დაინახავ?- მანქანის ნაწილების ურთიერთქმედებას, რომელიც მიგანიშნებს იმაზე რომ მანქანა უეჭველად მუშაობს, მაგრამ ვერასოდეს გაარჩევ იმას თუ როგორ ან რა უდევს მის მუშაობას საფუძვლად. ჩვენც ყველამ ვიცით მის შესახებ. ვგრძნობთ რომ შიგნით არის რაღაც რომელიც გვამოძრავებს, რომლითაც ვაზროვნებთ. ისიც ვიცით რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ სწორედ აქ იწერება, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ხელს უწყობს ჩვენი “მექანიზმის” ეფექტურ მუშაობას. ეჭვგარეშეა რომ მის შესახებ ძალიან ბევრი რამეა ჩვენთვის ცნობილი: მისი აგებულება, ბუნება, ანატომია, თვისებები, მახასიათებლები..მოკლედ ყველაფერი რასაც შეიძლება ლუპით კარგად დააკვირდე, ანდაც შეიძლება ლუპა საერთოდ არ დაგჭირდეს. მაგრამ სულ რომ მთელი ცხოვრება მოვანდომოთ მის გაშიფვრას ერთაზროვან დასკვნამდე, იმაზე თუ საიდან მოდის მისი ძალა ან უხეშად რომ ვთქვათ “დენი”, ვფიქრობ მაინც ვერ მივალთ. რადგანაც მე ჩემი სამყაროდან გარე სამყაროს სხვანაირად ვუყურებ, შენ კიდევ სულ სხვანაირად. ალბათ რაღაცეებში დავეთანხმებით ერთმანეთს, შეიძლება ბევრ რამეშიც მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგანაც ჩვენი პერსპექტივები განსხვავდებიან, ჩვენი ხედვაც განსხვავდება ერთმანეთისაგან“. – ეს ხომ უბრალო „bullshitting”-ია და მეტი არაფერი,რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია და მექანიზმები!..

არსებობა ხომ ყველგან არის, ყველაფერი არსებობს. ყველაფერი არის. ყველაფერი ჩვენს ირგვლივ მყოფადია. უბრალოდ მას ვერ ვეხებით ,როგორც მზეს ვერ ვეხებით, მაგრამ ვხედავთ მის სხივებს საიდანაც ვიცით რომ არსებობს. ალბათ ჩვენ ყველანიც არსებობის სხივები ვართ. სულ ეს არის. და არც არსებობა იქნებოდა ჩვენს გარეშე და არც ჩვენ მის გარეშე. საქმე ისაა რომ ამაზე იშვიათად ვფიქრობ. როგორი რომანტიული იქნებოდა მეთქვა, რომ როდესაც ძილის წინ შუქს ჩავაქრობ და გადავეშვები ამ ფიქრების ჯადოსნურ მორევში, აღმოვაჩენ ყოველ ახალ გარდაქმნასა და ჩემი პიროვნების ახალ კუთხე-კუნჭულებს მაშინ როცა ჩემს ფსიქოდელიურ სამყაროში დავფრინავ. არა. როდესაც შუქს ვაქრობ -ვიძინებ. იმიტომ რომ მოარსებე არსება ვარ და დაღლილი ვარ. მე ისედაც მანდ ვცხოვრობ.. ძილის წინაც და იმის მერეც. იმის მერის მერეც და ასე უსასრულობამდე.

Are you awakened?

My galaxy

just imagine and listen to this while reading

მოდით უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ შეგიძლიათ სიზმარი თავიდან ბოლომდე წარმართოთ,ნებისმიერი შინაარსით და  ხანგრძლივობით თუნდაც ეს 70 წელიწადი იყოს. პირადად მე, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცემოდა, შანსს ხელიდან არ გავუშვებდი და მისგან მაქსიმალურ, ნაირსახოვან სიამოვნებას მივიღებდი. მოვიმოქმედებდი ყველაფერს, რისი გაკეთებაც რეალურ ცხოვრებაში ჯერჯერობით არ შემიძლია. ცხოვრების ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ გავხდებოდი შემაშინებლად ჭკვიანი(თუმცა ეს ფაქტი არავისთვის იქნებოდა ნაცნობი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ის საშიში აღარ იქნებოდა), ტანგოს არაჩვეულებრივად მოცეკვავე ქალბატონი, რომელიც ყოველი დღის ბოლოს ბარს სტუმრობს, მაღალ სკამზე შემოსკუპებული ცოცხალ ჯაზ მუსიკას უსმენს, წითელ ღვინოს წრუპავს და დიდი შემართებით ელოდება ცხოვრების მიერ მომზადებული ახალ-ახალი სიურპრიზების გახსნას. ბარიდან კი მსუბუქი თავის ტკივილით, საქსაფონის ნაცნობი ჰანგების ღიღინით სახლში ბრუნდება, სადაც ლიმნის ხის და საკურას სურნელება ტრიალებს და რომლის ფანჯარაც სავსე მთვარის შუქზე მოლივლივე, აბრეშუმივით მბზინავ ოკეანეს გადაჰყურებს.

შეიძლება ჩემს მიერ სცენირებულ სიზმარს და ილუზიებს, დროთა განმავლობაში შევეგუებოდი, ტანგოს შეუდარებლად ცეკვაც მომბეზრდებოდა, საკურას სურნელსაც მივეჩვეოდი და შედეგად ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი გახდებოდა, რადგანაც ის სიურპრიზები, რომელიც ბარის სკამზე შემოსკუპებულს ასე ძალიან მიყვარდა, ცხოვრება კი არა თავად “მე” , ანდაც ყველაზე კარგ შემთხვევაში, მისგან განსხვავებული და ალბათ უფრო საინტერესოც, ქვეცნობიერი “მე” ქმნიდა. ამის გათვალიწინებით, ყველაფერს, ჩემს სიზმრებსაც და ილუზიურ ცხოვრებასაც, მთავარი აზრი- მოულოდნელობა დაეკარგება და ყველა ნაპერწკალი გაქრება. ცეცხლი კი ნაპერწკლის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სტიქიაა, რომელიც გვათბობს თუმცა მისი ყურება სიამოვნებას აღარ გვანიჭებს და უბრალო, მოგიზგიზე სხეულია.

ახლა კი მოეშვით იმაზე ფიქრს თუ როგორი იქნებოდა თქვენი სიზმრის სცენარი ანდაც, თუ მართლა არ მოგანიჭებდათ უნაპერწკლო ცეცხლი სიამოვნებას და წარმოიდგინეთ სიზმარი, რომლის სამეფო ტახტზეც თქვენ არ ზიხართ კვერთხით ხელში, არამედ მისი ერთერთი პერსონაჟი ხართ, თუმცა თქვენი იქ არ ყოფნით შეიძლება ყველაფერი ჩაიშალოს, როგორც მძივი დაიშლება ერთი, თითქოს და უმნიშვნელო მარგალიტის მოწყვეტით, მაგრამ თქვენს ამგვარ განსაკუთრებულობას მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გრძნობთ, როდესაც შანსია, რომ მძივს მოწყდეთ და ყველაფერი გაფუჭდეს ან თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებთ. ამ სუპერპოზიციას რომ თავი დავანებოთ, თქვენი მომავალი მაინც განუსაზღვრელია და არ იცით როდის და რა დაგემართებათ, ეს კი ძალიან მიმზიდველია. ამ ორი სიზმრიდან ერთიდან- მეორეში უცბად რომ გადავსულიყავი, ალბათ თავიდან ჩემს ტახტს დავიტირებდი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით შევუერთდებოდი ახალ სიზმარს, სადაც კვრაცხლბეკზე შენი თანასწორი, მიწაზე მოსიარულე არსება არ არის  და კვერთხით თავს არავინ იწონებს.

ალბათ ჩემი ენთუზიაზმი მალევე ზედ შემახმებოდა, რადგანაც სიურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო არ გახლავთ, უფრო მეტიც მეორედ ხსენებული სიზმრის მიერ მომზადებული “სიურპრიზები”, ხშირ შემთხვევაში ისეთია რომ, ჩვენს ინტერესებს ერთი წვეთითაც არ აკმაყოფილებს და შესაბამისად გეგმებსაც გვიფუჭებს. მთავარი აზრი იმაშია, რომ არა ასეთი დაბრკოლებები ჩვენი აზროვნება, ფანტაზია, ყველა მიზანი თუ ოცნება და მათთან ერთად ის “ნათურა”, რომლის უცაბედი ანთებაც რთულ სიტუაციებში ასე ძალიან გვახარებს გაქრებოდა და დავკარგავდით იმის უნარს, რომ თავი გამოგვეხატა, დიდი სამყაროსთვის ჩვენი სათქმელი გვეთქვა და თუნდაც ძალიან პატარა ნაკვალევი დაგვეტოვებინა. მგონია, დაბრკოლებები და განსაცდელები მაშინ გვხვდება, როდესაც რაღაც გარკვეულ ეტაპს ვამთავრებთ და “level-up”-ის და ახალი გამოცდის ჩაბარების დროს მოდის. ამ გამოცდას ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ თუ არა, სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის თუ რამხელა მონდომებას ჩავდებთ მის გადალახვაში და რა გამოცდილებას შევიძენთ მისგან.

ზუსტად ეს დაბრკოლებები ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს ფიქრის იმ სტადიამდე, რომ ამ უკიდეგანოდ დიდ სამყაროში შემთხვევით და დაუგეგმავად არაფერი ხდება და გვაძლევს მინიშნებას იმის შესახებ, რომ თეთრი შავის გარეშე არ არსებობს, არც კეთილი- ბოროტის, არც სიცოცხლე- სიკვდილის(ან შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილი- სიცოცხლის?) და არც ჩვენ ვარსებობთ სხვების გარეშე და რომ ერთი- მეორეს ყოველთვის მოიცავს, მთავარია ამას კარგად დაუკვირდეთ. ხოლო თითოეული თქვენთაგანი, რომელიც ასეთი რთული,ამოუცნობი და უნიკალური არსებაა, ნუთუ აქ ბედნიერი შემთხვევით აღმოჩნდა?- თქვენ არც უცხოსამყაროელი ხართ და არც დასასვენლად ჩამოფრენილხართ, მაგრამ სწორედ თქვენ ხართ იმ მძივის პატარა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილაკი, რომელიც როგორც ჩანს ძალიან საჭიროც ყოფილა.

და ბოლოს, ამ სიზმრის საფუძველზე თქვენ ხვდებით, რომ ის სიზმარი რომელზეც ახლა ვსაუბრობდით, რეალურად თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებაა და ის ყველაფერი რასაც ეძებთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია. სამყაროში ყველაზე დიდი არსებაც, თქვენში არსებობს და არა ზემოთ ღრუბლებში, სამეფო ტახტზე, ყველაზე მაღალი პოლიტიკური სტატუსით.

And you are all that, only you are pretending you are not – Alan Watts.

P.S  ეს არის ცხოვრების აღქმის მორიგი იდეა, ალან ვოტსის ერთერთი ლექციის მოტივების მიხედვით.

Smoky Lemon

What you can’t see

 

Smoky Wind

თბილისის ქუჩების თავზე ნელნელა გაურკვეველი წარმოშობის კუბები და ქოლგები გამოჩნდნენ,ქოლგები რომლებზეც გინდა რომ ჩამოეკონწიალო და შემოიფრინო თვალუწვდენელი,გასაოცარი სამყარო და ლამაზი არემარე. დეკემბერმა ძალიან ქარიზმატულად შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში და მაშასადამე თან ძლიერი,ზუზუნა ქარიც მოიყოლა,რომელიც ამ ქოლგებს აქეთ-იქით ისე არწევს,რომ მგონია ცხრა მთას იქითა სამყაროში კი არ გამაქროლებს,არამედ ჩამოვარდება და თავზე მშვიდობიანად მოსიარულე მანქანას დაეცემა. იმ ქოლგას რომელსაც დღეს არ გაუმართლა,ან შესაკეთებლად წააპორწიალებენ ანდაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში პირდაპირ სანაგვეზე უკრავენ თავს,მე კი ცხრა მთას იქითა სამეფოს და გასაოცარი სამყაროს  გარეშე დამტოვებენ იმედგაცრუებულს,პირში ჩალა გამოვლებულსა და გაღიმებულს.

დეკემბრის სუსხიანი ქარები იმდენად კარგად ჯდება ჩემს გუნება-განწყობილებაში რომ მინდა სულ გარეთ ქუჩის ფისუნია კატასავით დავეხეტებოდე,სახე გამომაცოცხლებელი ცივი ქარით მეყინებოდეს და თმები მეწეწებოდეს.. და ზოგადად ეს ქარი,რა მოძრავი,ექსცენტრული და ხანდახან თავხედი ვინმეა,არა? – ისეთ ქალს ჰგავს,რომელსაც საითკენაც „დაუბერავს“ იქითკენ მიდის,თუმცა ზუსტად იცის საითკენაც უნდა დაუბეროს, რა გაანადგუროს, რა ააყვავოს და რაც/ვინც ერთ ადგილზე მისი შიშით გამოკეტოს. ქარი რომელიც,თბილისის ნაცრისფერ ცაზე შავი ღრუბლის ნაგლეჯებს მიასრილებს,ახლა პირდაპირ ყურთან მიზის და საინტერესო ამბებს მიჩურჩულებს თქვენზე, მეუბნება თუ როგორ სწყინს რომ ქალაქში დიდად კარგი რეპუტაციით არ სარგებლობს და არავის არ უყვარს. თუმცა ფრთხილად იყავით, როდესაც მას თქვენს საიდუმლოებებს გაუმხელთ, ვინაიდან და რადგანაც მან ეს ყველაფერი შეიძლება ხეების ყურებამდეც მიიტანოს.

ადრე ქარს მეც ყოველთვის ვემალებოდი და როდესაც ჩემი ფანჯრის ჭუჭრუტანებიდან მისი ჩურჩული მესმოდა,მაშინვე ფუმფულა პლედში ბურიტოსავით ვეხვეოდი, ლიმნიან გვირილის  ჩაის ვიმარაგებდი ტყის ხილის არომატით და ყველა გეგმას სასწრაფოდ ვაუქმებდი,იმიტომ რომ მასთან შეხვედრა არავითარ შემხთვევაში არ მინდოდა,რადგანაც ვიცოდი რითაც დამთავრდებოდა. მე მას ყურს არ ვუგდებდი და არ ვინტერესდებოდი,იმით რისი თქმაც ჩემთვის სურდა, ის კი თავის ჩემი უყურადღებობის გამო ბრაზდებოდა,თვალებს უმოწყალოდ მიშრობდა და მიცრემლიანებდა. ჩვენი დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება იმის შემდეგ შეიცვალა, რაც ერთ მშვენიერ საღამოს ცეკვიდან დადებითი ენერგიით აღსავსე სახლში მივაბიჯებდი და ფრიად გემოვნებიან მუსიკას ვუსმენდი, მან კი დრო იხელთა და მოულოდნელად ძლიერად, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ დამიბერა, მე კი ეს იმდენად მომეწონა რომ მობუზვა და ოთხად მოკეცვა თავში არც გამიელვია, უბრალოდ მივენდე და მივხვდი თუ როგორი არაჩვეულებრივი ვინმე ყოფილა ეს ქარი. მთავარია, მთელი გონებით და არსებით მიენდოთ და მისი არ შეგეშინდეთ. თქვენი სხეული იმაზე უფრო  ჭკვიანია,ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ.

იმ საღამოს მერე, ქარიან ამინდში სქელ შარფში აღარ ვიმალები და ქურთუკ-ხელებ-შემოხვეული აღარ დავბოდიალობ, არამედ ჩემს თავს ქარს ვანდობ რომლის სუსხიანი ნაკადიც გარშემო დამტრიალებს და თავს მის ნაწილად მაგრძნობინებს. ქარი მისტიური და ბურუსიანი ვინმე ნუ გგონიათ! ის საკმაოდ,ონავარი  და ცოტა არ იყოს თავზეხელაღებული ვინმეც არის. ზღვის ნაპირზე თბილი და ალერსიანი, მთაში ფრიად სასიამოვნო და ონავარი, ხოლო ნაცრისფერ ქალაქში-ზედმეტად მოძრავი,საშიში და ზოგჯერ ძალიან მოსაწყენი. გააჩნია სად და რა პირობებში მოხვდებით ერთად და რა თვალით შეხედავთ. აი მაგალითად თუ, ნაცრისფერი ქალაქის სლავური წარმოშობის ძიძებითა და ბაჭაჭყანა,მსუქანი,აღაჟღაჯებულ ლოყებიანი ბავშვებით სავსე პარკში მოხვდებით, თავხედობას გამოიჩენს და ისე დაუბერავს რომ ძიძებს კაბებს აუწევს, ბავშვებს კი ძლიერი ნაკადით მიწაზე რბილად მოსვავს. ხოლო თუ კი ქუჩაში,ქარიან ამინდში,მშვენიერ და ჯიშიან მანდილოსანს დაინახავთ,რომელსაც ჰაერის ნაკადი ლამაზად ელამუნება თმებზე და ამ სცენის შემხედვარე თქვენს გონებაში რამე მიმზიდველი მუსიკა ირთვება, დამერწმუნეთ ქარს სხვა თვალით შეხედავთ.

ქარი იმ ყაიდის ამინდი არაა, გამუდმებით ერთ ადგილას იდგეს და თავი მოგაბეზროთ, მეტიც ყველა ამინდზე მეტად კომუნიკაბელურია და შეუძლია მზიანსაც, წვიმიანსაც და თოვლიანსაც კარგად გაუგოს და არაჩვეულებრივად შეეთავსოს ყველა მათგანს.

როდესაც ძლიერი ქარი უბერავს ის ან ახალი ფანტაზიის ნაყოფს აძლევს დასაბამს,ანდაც- მორიგ თავის ტკივილის და წარბებ-შეკრული ხასიათის მიზეზი ხდება. არჩევანი თქვენზეა.

Just adjust the sails.

Smoky Wind

Smoky adventures- Chapter 1

Smoky Lemon

მე მიყვარს ოკეანე.ოკეანე ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი ბუნების ნაწილია,რომელიც განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს.ის თითქოს დედამიწის სუნთქვაა,რომელსაც თუ ყურს დაუგდებთ  აუცილებლად ჩაგჩურჩულებს რამე საიდუმლოს,რამე ჯადოსნურს.სულ რამდენიმე დღის წინ,ვერც კი ვიფიქრებდი რომ ახლა აქ,ოქროსფერ ქვიშაში მექნებოდა ფეხები ჩაფლული,მზიან ოკეანეს ვუყურებდი და მექნებოდა ძალიან არამიწიერი განცდა.ასე დრამატულად სამყაროს მხოლოდ მაშინ აღვიქვამ,როდესაც ბუნების ზეაღმატებულ სილამაზეს ვუკვირდები და თავს უკიდეგანოდ დიდი სამყაროს პატარა,თუმცა მნიშვნელოვან ნაწილად ვგრძნობ და ვხვდები რომ აქ შემთხვევით არ მოვსულვარ.პეიზაჟს,რომელსაც ახლა ვუყურებ ბევჯერ დამსიზმრებია და თითქოს,ყოველთვის ვიცოდი რომ აქ ოდესმე აუცილებლად მოვხვდებოდი.
სანამ ზღვის ნაპირზე ვინებივრებდი, მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი თუ როგორი შეგრძნებები მექნებოდა, როცა ჩემს სხეულს ოქროსფერი ქვიშა და მარილიანი წყალი შეეხებოდა,კანს მცხუნვარე მზე გაათბობდა, ხოლო თვალებში მზის სხივები ჩამიდგებოდა. ამის წარმოდგენაც კი ჩემთვის საკმარისი იყო რადგანაც ვიცოდი, ჩემს საოცნებო დანიშნულების ადგილს ადრე თუ გვიან აუცილებლად მივაღწევდი. ყველაფრის მიტოვება და ოკეანის „მოსანახულებლად“ წასვლა ძალიან სპონტანური იდეა იყო და ამისთვის ძალიან ბევრი თავგადასავალი გამოვიარე და ძალიან ბევრ სხვადასხვა ჯიშ-ჯილაგის ადამიანი გავიცანი. იმ დღეს,როდესაც თავში ეს სრულიად იმ დროისთვის არაშესაფერისი იდეა მომივიდა, ოფისის მაგიდასთან ვიჯექი, კომპიუტერის ეკრანს ვუყურებდი,კლავიატურაზე თითებს ვაკაკუნებდი  და ათას სხვადასხვა e-mail-ს ვაგზავნიდი პარტნიორი კომპანიების მისამართებზე,ყველას ერთიდაიგივე ტექსტით.ამავდროულად,გარშემო უამრავი ადამიანი დამბზუოდა თავზე,ყველა უამრავი და  უაზრო კითხვებით,ამიტომაც ადამ კუკუს დროინდელი ყურსასმენები მეკეთა და მძიმე როკს ვუსმენდი.ამ ჟანრის ატანა არ მაქვს,ყოველთვის ვთვლიდი რომ ამ მუსიკის მოსმენა იგივეა რაც თითოეული ნერვი სათითაოდ დაიწყვიტო,მაგრამ ახლა მხოლოდ ამ მუსიკის წყალობით არ მესმოდა გარემოდან შემომავალი,უარესი ხმაური. რა თქმა  უნდა,ამ სამსახურმა ჩემი ნერვები უფრო დელიკატური გახადა და ნებისმიერ წვრილმანზეც კი ვფეთქდებოდი,მაგრამ ცხოვრების  ამ  ეტაპზე სხვა გზა არ მქონდა,ამიტომაც აქ უნდა მემუშავა.პროფესიით მოცეკვავეს,სამშენებლო კომპანიაში რა მესაქმებოდა თვითონაც არ ვიცოდი.დიდი სიამოვნებით ვიცეკვევდი,მაგრამ იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ(მას „ჩემს ქვეყენას“ ვერ ვუწოდებ,საბედნიეროდ პატრიოტი სულის მქონე ადამიანი არ ვარ),ძალიან დიდი იშვიათობაა აკეთო ის რაც გიყვარს.

ეკრანის გამოსხივებისგან თვალები საშინლად გამომიშრა და სისხლძარღვები იმდენად გამომეკვეთა,რომ ერთგულ მარიხუანას მომხმარებელს დავემსგავსე,კომპიუტერი გამოვრთე და გადავწყვიტე ცოტა გავნტვირთულიყავი სამსახურეობრივი საგიჟეთისგან,ტყავის ქურთუკი მოვიცვი,ბოსის მაგიდას ძალიან უდარდელი და „ვითომც არაფერი“ სახით ჩავუარე და შენობიდან გავედი. გარეთ წვიმდა და ცივი ნიავი უბერავდა,სიცივისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა და კბილები ამიკაწკაწდა.ერთ წამს ვიფიქრე,რომ უკან დავბრუნებულიყავი,მაგრამ ოფისის სკამზე ჯდომას ახლა ყველაფერი მერჩივნა.ქურთუკი ბოლომდე შევიკარი,ყურსასმენები გავიკეთე და ქუჩის ბოლოში მდებარე კაფეში გავემართე დარიჩინიანი ლატეს საყიდლად. ქუჩაში ხალხი საგრძნობლად შეცოტავებულიყო,ჩვეულად ამ დროს ძალიან ბევრნი არიან ხოლმე,მაგრამ დღეს  ალბათ  გარეთ ფეხების დასველებას სახლში დარჩენა და ცხელი ჩაის დალევა არჩიეს,შეიძლება მეც ასე მოვქცეულიყავი ამის დრო რომ მქონოდა ან ჩემი სამსახური,უცბად გაურკვეველი მიზეზის გამო აფეთქებულიყო.ახლა კი მხოლოდ,უპატრონო ცხოველები და ჟანგბადით სავსე ჰაერის მოყვარული ადამიანები დასეირნობენ.წვიმა მეც ძალიან მიყვარს-სახლშიც და ქუჩაშიც,თითქმის ყოველთვის ვაძლევ მას საშუალებას,მაკოცოს და ჩამეხუტოს თავისი ვერხლისფერი წვეთებით. ჩქარი ნაბიჯით და კარგი მუსიკით კაფე  “De Natteo”-ში მივედი.”De Natteo”- თბილ,მოყვითალო  ფერებში გაწყობილი პატარა კაფეა,რომელიც ორი ქუჩის კუთხეში მდებარეობს. ამ კუთხიდან,ყოველთვის ძალიან გემრიელი ყავის სუნი გამოდის,პირველად სწორედ ამ სუნმა შემომიტყუა,როგორც დედაჩემი მიტყუებდა დილაობით უგემრიელესი ვაშლის პეროგის სუნით,რომ ლოგინიდან წამოვეგდე.როცა ადგილი აღმოვაჩინე,პირველად მივდიოდი ამ ოხრად დასარჩენ სამსახურში და ვიფიქრე ჭიქა ყავა,განწყობას გამიუმჯობესებს-მეთქი და კაფეში შევსუნსულდი.ყავის არჩევის პროცესი ძალიან გაიწელა,კონსულტანტ გოგონას ყველა ყავის შემადგენლობას ვეკითხებოდი ძალიან ჭკვიანური და საქმეში ჩახედული გამომეტყველებით.ამასობაში კი,ჩემს უკან ცოცხალი რიგი შეიქმნა,უკან მდგომ ქერა,ახოვან და კარგი ოჯახის შვილ მამაკაცს ნერვები ძალიან მოეშალა და დარიჩინიანი ლატე მირჩია,რომელსაც ახლაც არ ვღალატობ და აგერ უკვე 2 წელია  ვსვამ.არ გეგონოთ,რომ ეს ყავა მხოლოდ ამ ქერა მამაკაცის გამო მიყვარს!

-უშაქრო  დარიჩინიანი ლატე,მის  ავიანა? – მკითხა  ნარინჯისფერ კაბიანმა,კონსულტანტმა გოგონამ.

-როგორც ყოველთვის. – ძალიან თავდაჯერებულად ვუპასუხე მე.

ვიტრინასთან მდებარე ,პატარა,მრგვალ მაგიდას მივუჯექი და ფუმფულა სავარძელში კარგად მოვკალათდი.ჭიქის  სითბომ  გაყინული თითები გამითბო,რაც ძალიან მესიამოვნა.ჩემს უკვე გამთბარ და შეწითლებულ თითებს დავაკვირდი და შევამჩნიე,რომ მუქი იასამნისფერი ლაქი უკვე გადაქექილიყო და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებოდა.ეს იქით იყოს.მაშინ ამისთვის დრო ნამდვილად არ მქონდა,თუმცა ყურადღებას ვაქცევდი,ბოლოს და ბოლოს ხალხი მიყურებდა! ახლა საერთოდაც არ მაინტერესებს,რადგანაც ბევრად უფრო  საინტერესო,აზრიანი და გასაოცარი ამბები ხდება ჩემს თავს.თან ლაქიც არ მაქვს და ლაქის ფულიც.ახლა კი კაფეს დავუბრუნდეთ.

ვიჯექი და ვუყურებდი  ვიტრინაზე დაცვარული წვიმის წვეთების მიღმა,ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს.ზოგი ნესტიან ამინდს გაურბოდა,ზოგი გუბიდან-გუბეში დახტუნაობდა,ზოგი ნოტიო,სუფთა ჰაერს ღრმას ისუნთქავდა და რიტმულად მიუყვებოდა გზას,ზოგიც  უბრალოდ სეირნობდა..და აი სწორედ მაშინ,როდესაც ადამიანების მოდგმას ვაკვირდებოდი და მთელი სამყარო ჩემი მეგონა,ჩემმა ტელეფონმა ავის მომასწავებელი ვიბრაცია გამოსცა.ეკრანზე დიდი ასოებით- „ბოსი“  დაიწერა.ზუსტად ვიცოდი რატომაც მირეკავდა,სწორედ ამიტომ ტელეფონი გამოვრთე და გვერდზე გადავდე.ფაქტი კი უკვე აშკარა იყო,სამსახურში აღარ მიმესვლებოდა.ასეთი შემთხვევა ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე მეოცე იყო და უკვე ლამის თავად გამეგდო ჩემი თავი სამსახურიდან.ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს,არა?!

ვინაიდან და რადგანაც,შეიძლება ითქვას უკვე უმუშევრად ვითვლებოდი,ვიფიქრე „ჰელოუინი“ აღმენიშნა.ბოლო ლატეს ყლუპი მოვსვი,ნარინჯისფერ კაბიან გოგონას ღიმილით გამოვემშვიდობე და ჩემს პატარა სახლს მივაშურე.ადგილს სადაც მე ვცხოვრობ,რთულად თუ შეიძლება „სახლი“ ვუწოდოთ. 50 კინკილა კვადრატული მეტრიდან 35,ჩემს მიერ მოზიდულ ათას ხარახურას და ჩემს ნახატებს ეკავა.ვგიჟდები ჩემს ხარახურებზე და ძალიან ვუფრთხილდები,მიუხედავად იმისა რომ ასე მავიწროვებენ.არა,პრინციპში მე ეს 15 კვადრული მეტრიც ძალიან თავისუფლად მყოფნის.“ჰელოუინზე“ წასვლას დიდის ამბით კი ვაპირებდი,მაგრამ რა ჩამეცვა არ ვიცოდი.კოსტუმს კი ახლა,არც არავინ მომყიდიდა და არც მათხოვებდა.დიდი ხნის წინ დაგეგმილი მქონდა,პირატი გოგონა ვყოფილიყავი მაგრამ ახლა, ჩემი გარდერობით ამ იდეას ვერანაირად განვახორციელებდი,ამიტომაც კარადა გამოვაღე და ჩემი ტვინი სხვა იდეებს გავუღე,მაგრამ როგორც ჩანდა ჯერჯერობით არცერთი არ აპირებდა მოსვლას.ის-ის იყო უკვე ჯინსებით ვაპირებდი ჰელოუინზე წასვლას,გონება გამინათდა და უბრწყინვალესი იდეა მომივიდა.კარადის თავზე შემოდებული საზაფხულო ჩემოდნიდან მწვანე,გრძელი სარაფანა ამოვაძვრინე,რომელიც შარშან ინდურ ბაზრობაზე შევიძინე,წითელ თავშალთან ერთად.კაბას ძალიან ამოღებული ზურგი ქონდა და ამინდს საერთოდ არ შეეფერებოდა,მაგრამ მსხვერპლის გაღებისთვის მზად ვიყავი,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც სარკეში ჩავიხედე და ფრიად ეგზოტიკური ქალბატონი დავინახე.მიუხედავად იმისა,რომ ჩაცმულობა ძალიან მომეწონა,თითქოს რაღაც მაკლდა.ეს რაღაც უეჭველად სამკაულები იყო და ჩემი დიდი საყურეების ძებნა დავიწყე.ყველაფერი გადავქექე,მაგრამ ორივე მაინც ვერ ვიპოვე.ცალი რომ ვიპოვე ამხელა არეულობაში ეგეც საქმე იყო! თავშალი კარგად დავიმაგრე,ფუნჯით ხელზე ორნამენტები მივიხატე და სახლიდან გავედი.გავედი თუ არა ძალიან ვინანე რომ ჯინსები არ მეცვა,მაგრამ ჩემი ეგზოტიკური ჩაცმულობა გაყინვად ნამდვილად ღირდა.

ქუჩაში,თითქმის ყველა კლუბში „ჰელოუინი“-ს წვეულება უკვე დაწყებულიყო და მთელი ახალგაზრდობა საშიშ და საინტერესო პერსონაჟებად გადაქცეულიყო,რომლებიც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ.მიუხედავად იმისა,რომ წელს „ჰელოუინ“-ს უმეტესწილად 16-17 წლის თინეიჯერები აღნიშნავდნენ,მაინც გამოერეოდა თითო ოროლა ჩემნაირი მდუღარე სისხლის მქონე ახალგაზრდა.იმ ჰელოუნის წვეულებაზე,რომელზეც ჩემმა ძველმა კლასელებმა დამპატიჟეს,ვერ ან არ წავედი.პირველ რიგში,იმიტომ რომ ქალაქის მეორე ბოლოს იმართებოდა,მეორე-ნამდვილად არ მინდოდა სკოლის დროინელი,სენტიმენტალური ამბების გახსენება,ამიტომაც დაუპატიჟებლად ჩემი სახლიდან 200 მეტრში მდებარე კლუბში შევედი,სადაც იმდენად ბევრი ხალხი იყო რომ ძლივს შევეტიე.მთელი დარბაზი,ნარინჯისფერი დეკორაციებით იყო გაწყობილი,ზევიდან კი სანთლებიანი,გახარებული გოგრები დამყურებდნენ,რომლებიც თითქოს მილოცავდნენ სამსახურიდან წამოსვლას.ბართან მივედი და კოქტეილი „Hurricane“ შევუკვეთე და გადავხედე იქ შეყრილ საზოგადოებას.

-უაუ,ლამასო.

გვერდიდან მომესმა ბოხი,ღიმილნარევი ხმა და გაუხედავადაც კი ვიცოდი იმ ტიპის გამოხედვა,რომელიც იქ იჯდა:ცალყბიანი ღიმილი და მოჭუტული თვალები.ნელა გავატრიალე თავი და მეც მოჭუტული თვალებით შევათვალიერე და ცალყბიანი ღიმილით გავუღიმე.ბიჭს დიდი დრედები ჰქონდა,ჭრელი მოსასხამი ეცვა და გულზე ფერადი,ჩხრიალა მძივები ეკეთა.დიდი,ცნობისმოყვარე თვალებით ათვალიერებდა ჩემს საინტერესო ჩაცმულობას და წითელ ღვინოს წრუპავდა.

უცბად,წითელი ღვინო ბარზე გადადო,მაღალი სკამიდან ჩამოხდა,ტანსაცმელი შეისწორა და მკითხა:

-Will you join me on my trip to India?

-Oh,yes I will.

Smoky Lemon

   And it continues…

ავიანა კაფის გზაზე ამ მუსიკას უსმენდა 

ლიმონის ოპტიმუმი

2015-09-29 00.06.29

არ ვიქნები მართალი რომ ვთქვა,ქართულ საზოგადოებაში თავს კარგად ვგრძნობ-მეთქი.დანამდვილებით გეტყვით რომ,ის გარემო რომელშიც მე ვცხოვრობ არ არის  ჩემთვის ოპტიმალური(ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი ცხოვრების სტილით  უკმაყოფილო ვარ),ოპტიმალური ალბათ არც არსებობს,თუმცა ყველაფერი შედარებითია.იშვიათად მაგრამ,მაინც გამოჩნდება ისეთი სიტუაცია სადაც შეძლებისდაგვარად თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობ.დარწმუნებული ვარ,რომ მარტო მე არ ვარ ასეთი “პრეტენზიული” და ბევრი თქვენთაგანიც ცდილობს  რამენაირად  განიტვირთოს ჩვეული რიტმისგან რამე ახალი აღმოაჩინოს ,რამე ახალი შეიცნოს …  და აი,თქვენს წინაშე არის შედარებით განსხვავებული ამონარიდი ჩემი ცხოვრებიდან!  სულ რამდენიმე  დღის წინ,ირაკლისგან თეატრალური ფესტივალის შესახებ შევიტყვე(ირაკლი-ჩემი დეიდაშვილი,ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში მყოფი ადამიანი,მიუხედავად იმისა რომ ამას თვითონ არასოდეს არ აღიარებს. ირაკლი ყველაზე მრავალფეროვანი პიროვნებაა   ვისაც კი ვიცნობ).ფესტივალით ძალიან დავინტერესდი და ფიზიკის გაკვეთილიდან,გეზი პირდაპირ მარჯანიშვილის თეატრისკენ ავიღეთ,რათა საღამოს გამართულ რუსულ სპექტაკლზე ბილეთები აგვეღო ( გინდ დაიჯერეთ გინდ არა,ამ ტერიტორიაზე ოდესღაც დიად რალფ ფაინესს დაუდგამს ფეხი!).სალაროსთან ორი საამაყო შავგვრემანი,ქართველი გოგონა დაგხვდა,რომლებიც ირაკლის დანახვაზე აშკარად დაფაცურდნენ.ჩემს დეიდაშვილთან თვალების ჟუჟუნის შემდეგ,გოგონები ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულები წავიდნენ და ჩვენი ჯერიც დადგა.  3 ბილეთი ,სპექტაკლზე “უმამოდ” ,ჩვენთვის და ერთიც მარიამისთვის(მარიამი ჩემი ხუჭუჭთმიანი დაა,რომელიც  შეშლილია კატებზე,გიჟდება არასტანდარტულ ადამიანებზე და დიდ პატივს სცემს ჩემს კულინარიულ შემოქმედებას,რასაც მე ძალიან ვაფასებ!). სახლში ერთმა ტაქსის მძღოლმა მომიყვანა,რომელიც მთელი გზა  საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და “ოცნება არ მუშაობს”-ზე მელაპარაკებოდა.ვფიქრობ,ხვდებოდა რომ ამ საქმეში დიდად ჩახედული არ ვიყავი,მაგრამ მაინც მყარად აფიქსირებდა თავის შეხედულებებს.ჩემი უმწეობა ამ საკითხში,უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებდა და ამიტომაც მთელი გზა გაუჩერებლივ ლაპარაკობდა.მოკლედ,ასე იყო თუ ისე,ერთ საათში  უკვე,თეატრის წინ ვიდექით.გარეთ უამრავი გამოწკეპილი ადამიანი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სუნამოების სურნელება ტრიალებდა,რაც იმაზე მიუთითებდა რომ ხალხი ძალიან გულდასმით მომზადებულიყო სპექტაკლისთვის.  ძალიან ბევრი რუსული ლაპარაკი ისმოდა,რითაც მიხვდებოდით რომ ფესტივალს უამრავი რუსი ტურისტი ჩამოჰყვა.ასევე შეამჩნევდით,ხანში შესულ მალინისფერ პომადიან ქალბატონებს,რომელთა ყოველკვირეული ტრადიციაა,მეგობრებთან ერთად თეატრში წავიდნენ ,თვალს წყალი დაალევინონ და შეაფასონ ოჯახში შემოსაშვები და არა-შემოსაშვები ახალგაზრდები.ამასობაში,ჩემი ყურადღება,ძალიან ეგზოტიკურმა,აზიური წარმოშობის ქალბატონმა მიიქცია. ძალიან ბევრი ფერადი და მასიური სამკაულები ეკეთა და ჭრელ,გრძელ კაბას ატარებდა,რომელიც ძალიან უხდებოდა.ეს   ქალი ძალიან დადებითი და სასიამოვნო ენერგეტიკის მატარებელი იყო და ამას ყველა მის გარშემო მყოფი გრძნობდა.სიმართლე რომ ითქვას,ტროპიკული ლედი პირველ რიგში იმიტომ შევამჩნიე რომ ძალიან გავდა ჩემს საყურეს 🙂  სულ მალე,უკვე ჩვენს ადგილებზე კომფორტულად ვისხედით.სპექტაკლი უჩვეულოდ ადრე დაიწყო,რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი გახლდათ.ამ სპექტაკლმა კიდევ უფრო   კარგად დამარწმუნა,რომ  მთელი მსოფლიო ერთი დიდი ფსიქიატრიული რესპუბლიკაა.ყველა პერსონაჟი ცხოვრებაზე იმედგაცრუებული და არამდგრადი ნერვების მქონდე ადამიანია,ამასთან ერთად ვინ ვის უყვარს ვერ გაარჩევ.რეპერტუარის ბოლოს,ყველა პერსონაჟი თავის მოკვლის გადაწყვეტილებამდე მიდის,მაგრამ ვერცერთი ბედავს განახორციელოს  ეს იდეა.მოქმედება მე-19 საუკუნეში ხდება,თუმცა  21-ე  საუკუნესთან პარალელის გავლების შემდეგ,შეამჩნევთ რომ ტენდენციები და ტრადიციები კი არ მეორდება,არამედ არც იცვლება.უბრალოდ,უფრო დახვეწილ და მოდერნისტულ  ფორმას იღებს.  სპექტაკლით ფრიად კმაყოფილები დავრჩით და  მარჯანიშვილის თეატრიდან,ფოტო ფესტივალზე გადავინაცვლეთ,რომელიც შარდენის ქუჩაზე იმართებოდა.აქ ერთი ნაცნობი აღმოვაჩინეთ,ერთ ძალიან “ძერსკ” ბიჭთან ერთად,რომელიც რომელ გოგოს გაპრანჭვოდა აღარ იცოდა,მე და მარიამიც აღმოვჩნდით მის სამიზნეში,ამიტომაც მისმა ქცევებმა ორივე ძალიან გაგვახალისა.ფესტივალმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა. “გამოფენა” სლაიდშოუს სახით მიმდინარეობდა,რომელსაც თან ძალიან მოსაწყენი მუსიკა ერთვოდა,პირადად მე  კინაღამ ჩამომეძინა.ყველას სახეზე ეწერა აღფრთოვანება ფესტივალთან დაკავშირებით,მაგრამ ხომ გაგიგიათ “თუ კარგ საქმეზე ხართ,მეც წამიყვანეთ”-მიახლოებით ეს ამბავი იყო.  აქედან,მე და მარიამი სულ ახლახანს გახსნილ “ალთჰაუსში” გავემართეთ.თითო ჭიქა კოქტეილი ავიღეთ და ძალიან,ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე..

იმედი მაქვს სურათის გაიგივება,პოსტთან არ გაგიჭირდებათ.

smoky lemon 

Nuit étoilée sur le Rhône

the-starry-night-1889(1)

თბილისი ღამით,ეს სულ სხვა ქალაქია. სიმართლე რომ ითქვას,ჩემი დედაქალაქი მხოლოდ მთვარის შუქზე მიყვარს.ყოველი დღის ბოლოს,როდესაც მზე ჩავა და ცის კამარას მთვარეს დაუთმობს ქალაქი სხვანაირად ცოცხლდება,სხვანაირ ელფერს იძენს.ის ყველა ნაკლი რომლის დანახვაც დღის შუქზე თავისუფლად შეგვიძლია,სიბნელეში მთლიანად იკარგება და ლამპიონები მხოლოდ მის ულამაზესს მხარეს გვანახებენ.
ქუჩის სხვადასხვა კაფე-ბარებიდან გამომავალი კარგი მუსიკა,ალკოჰოლის და ნიკოტინის შერეული სურნელი,ხალხის ჟრიამული,უამრავი დაბანილ-დავარცხნილი გოგონა რომლებიც სანადიროდ არიან გამოსულნი,კიდევ უფრო ბევრი ტურისტი ორივე მხარზე გადმოკიდებული დიდი ზურგჩანთებით,ლოთი მამაკაცები რომლებსაც სახლში ანერვიულებული,სასოწარკვეთილი მეუღლეები და წვრილშვილი ელოდება.ბავშვები,რომლებიც ეზოდან გამოიპარნენ და ყოველ წამს დედის ზარს ელოდებიან.წყვილები,რომლებიც რესტორანში ერთი ბოთლი წითელი ღვინის შემდეგ სხვა ადგილსამყოფელზე მიდიან.ქუჩის კუთხეებში მდგარი საქსაფონისტები,რომლებიც თითქოს ხალხისთვის,მაგრამ სინამდვილეში თავიანთი სიამოვნებისთვის და გამვლელი ლამაზი ქალებისთვის უკრავენ.. 🙂 ახლა ვხვდები,რატომ თქვა დიადმა და ყურმოჭრილმა ვინსენტ ვან გოგმა-“the night is more alive and more richly colored than the day”.ვფიქრობ,რომ ისიც სწორედ ღამის ასეთმა ცხოვრების რიტმმა შთააგონა დაეხატა “Nuit étoilée sur le Rhône”.
გუშინ საღამოს მეც ამ ყველაფრის ერთერთი შემადგენელი ნაწილი გავხდი. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია “ვინომანიის” წინ,სამხრეთ კორეელი ახალგაზრდები ისხდნენ და თეთრ ღვინოს წრუპავდნენ.ძალიან მომინდა გვერდზე მივჯდომოდი და მეც მათთან ერთად მეცინა კორეულ ხუმრობებზე და თბილისურ თავგადასვლებზე.მაღაზიაში შესვლისას,ჯერ ღვინის ძალიან მადისაღმძვრელი სურნელი და შემდეგ მენეჯერი შემოგვეგება,რომელმაც ეს-ეს იყო ძალიან ძვირადღირებული შავი ღვინო “შეაყიდა” ფრანგ ტურისტებს.5 სახის ღვინის გასინჯვის შემდეგ,ჩემს აზროვნებას მშვენიერება და სიკეთე მიენიჭა,რამაც კიდევ უფრო თვალსაჩინო და სასიამოვნო გახადა ღამის ცხოვრების ბრწყინვალება.
ბევრი სიცილის,სამხრეთ კორეელების და მბზინავბოთლებიანი ღვინის მაღაზიის შემდეგ,კაფე “მულენში” დალეული ცოცხალი(!) პიტნის ჩაი უდაოდ იყო კიდევ ერთი,მორიგი სიამოვნება.
როგორც მოგეხსენებათ,პიტნის სედატიურმა თვისებებმა ცოტა არ იყოს მომთენთა და ისეთი შეგრძნება გამიჩინა თითქოს ამ ყველაფრის მონაწილე კი არა,არამედ მაყურებელი ვიყავი.როდესაც მაყურებელი ხარ,უფრო კარგად შეგიძლია დააკვირდე შენს გარშემომყოფ ადამიანებს.მეც კარგად მოვერგე ამ პოზიციას და შევეცადე ძალიან კარგად დავკირვებოდი მულენში მყოფ ახალგაზრდებს,ჩავმძრალიყავი მათ გონებებში და გამომეცნო რას ფიქრობდნენ.. 🙂 რომ გითხრათ,გამოვიცანი თქო,მოგატყუებთ,იმიტომ რომ ჩემი ვარაუდები არ დამიდასტურებია.

სახლში მისვლისთანავე,ჩამეძინა.დილას კი ძალიან მომინდა ისევ გავმხდარიყავი “The Starry Night”-ის თანამონაწილე და ყველაფრის ფურცელზე(?) გადმოტანით,ეს ისევ შევძელი.მე აუცილებლად დავბრუნდები.

P.S კარგი მუსიკა არის ეს –  https://www.youtube.com/watch?v=aJOMCmNck1M

À tout à l’heure